გიორგი შენგელაიას სენსაციური განცხადება
29, Tbilisi, Georgia

ნათია მეგრელიშვილი

გიორგი შენგელაიას სენსაციური განცხადება


1378927818_giorgi.jpg

„რუსეთმა ძალიან დიდი სისხლი დაღვარა ამიერკავკასიაში, რომ გაეერთიანებინა საქართველო და მოეშორებინა ჩვენთვის თურქები და ირანელები,“ – ამბობს რეჟისიორი გიორგი შენგელაია “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

ბომბივით კონტექსტია.

„ავადმყოფ სააკაშვილს წიგნებს გავუგზავნი“ - შენგელაია.

იქნებ ჩვენც გვითხრათ, რომელი ქართველი ისტორიკოსის წიგნში ამოიკითხეთ ეს გულის ამაჩუყებელი ფრაზა? ახლა მე დავასახელებ მეცნიერებს, რომლებმაც მთელი ცხოვრება შეsწირეს საქართველოს ისტორიის შესწავლას და მის გაანალიზებას: პლატონ იოსელიანი, ზურაბ ავალიშვილი, ნიკო ბერძენიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, კალისტრატე სალია, პავლე ინგოროყვა, გრიგოლ ფერაძე, სიმონ ჯანაშია, ექვთიმე თაყაიშვილი - არც ერთს არ აღმოაჩნდა მსგავსი ვერსია.

გასაგებია, რომ ხალხი ძალიან იხიბლება, როცა ცნობილი მსახიობი, მხატვარი თუ მომღერალი საკუთარ თვალსაზრისს გამოთქვამს და ამის უფლება ყველას აქვს, მაგრამ რატომ იშრომეს zemoT ჩამოთვლილმა მეცნიერებმა? იმისთვის, რომ რადიკალმა და გაბრაზებულმა ადამიანებმა მსგავსი აზრებით კიდევ უფრო დაუბნელონ ხალხს ტვინი?

წიგნების კითხვა ჩვენც გვიყვარს და ეს რატომღაც ქართულ ინტელიგენციას ავიწყდება. ჩემი აზრით, შენგელაიამ საუკუნის ფრაზა წარმოთქვა და მთელ ქართულ ისტორიოგრაფიას ხაზი გადაუსვა.

ერთი წლის წინ ცნობილი ქართული ოჯახის შთამომავალმა მითხრა:-რუსეთმა შემოიტანა ჩვენთან განათლება. რომ არა მათი ლიტერატურა და კულტურა, ჩვენ ისევ სიბნელეში ვიქნებოდითო. საინტერესო აზრია. გამოდის, რომ მე-19 საუკუნემდე არც ისტორია გვქონია, არც დამწერლობა, არც კულტურა, არც ქართული საგანმანათლებლო კერა საზღვარგარეთ და შოთა რუსთაველი თუ დავით გურამიშვილი, გელათისა თუ იყალთოს აკადემია, ათონის მთაზე მოღვაწე მეცნიერები, ასი ათასი მოწამეც კი ჩვენი გამოგონილი მითებია. მაშინ რატომ ვამაყობთ წარსულით? თუ რუსეთთან შეერთებამ ჩვენი პაპუასობა გამოავლინა, მაშინ რატომ გვაქვს ასეთი დიდი ამბიციები?

სამწუხაროდ, ჩვენთვის დღემდე არავის შეუტყობინებია, რომ ოკუპაციის მუზეუმის ნაცვლად მემორიალი უნდა დაგვედგა იმ რუსი მეომრებისათვის, ვინც ჩვენი ბედნიერებისათვის თავი გასწირა. ინდივიდუალურად ყველა ადამიანი,ვინც იღუპება, შესაბრალია, მაგრამ შენგელაიას ფრთიანი ფრაზის ორიენტაციამ გამაოგნა.

რუსი მეგობრები ჩვენც გვყავს, ნათესავებიც და ხალხთან არავითარი პრეტენზია არ გვაქვს, მაგრამ ის, რაც რეჟისორმა თქვა, ხალხს არ მოიაზრებს, ეს პოლიტიკური განცხადებაა, რომელიც ძალიან ჰგავს მორიგ მლიქვნელობას. თუ გნებავთ, ჩვენც გამოგიგზავნით წიგნებს და გამოუქვეყნებელ, რარიტეტულ დოკუმენტებს, რომლეbიც, სურვილის შემთხვევაში, ყველას შეუძლია ნახოს საჯარო ბიბლიოთეკასა და ისტორიის არქივში. თუ მართლა გვაინტერესებს ვიცოდეთ სიმართლე, მსახიობებს და რეჟისორებს კი არ უნდა აvუბათ მხარი, არამედ გავეცნოთ გიორგიევსკის ტრაქტატს, პავლეს მანიფესტს, დეკაბრისტების მიმოწერას(ნახეთ, რას გვიპირებდნენ), გრიბოედოვის საიდუმლო წერილებს, პასკევიჩის და ვორონცოვის „ტელეგრამებს“, ლენინის, ტროცკის, სტალინის და ხრუშჩოვის ბრძანებებს, მოღალატე ქართველების მიმოწერას, 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებას, 90-იანი წლების ქართულ-რუსულ დოკუმენტაციას. ჯერ წავიკითხოთ და მერე იქნებ დავდუმდეთ კიდეც.

არა, ჩვენი საზოგადოება არაფერსაც არ წაიკითხავს და პარლამენტარს დაუჯერებს, საკრებულოს თავჯდომარეს დაუჯერებს, მერს დაუჯერებს, გუბერნატორს დაუჯერებს და არაფერს, არაფერს გადაამოწმებს. წარმართებივით ვექცევით საკუთარ ისტორიასაც და ხალხსაც. “ლიდერის სიტყვა წმინდაა და ხელშეუხებელი“ - ამჯერად გაავებული ხელოვანი ხალხი, რომლებიც ჯერ 90-იანის დასაწყისში გააქტიურდნენ და საქართველოს პირველ პრეზიდენტს სულ დედას აგინებდნენ, ახლა ისტორიის დამახინჯებას შეუდგნენ და ალბათ ვიღაც დაიჯერებს კიდეც მათ სიტყვას. როგორც ჩანს, ამ ხალხმა კიდევ ვერ გაიგო, რომ ბრეჟნევი მოკვდა. ის ცხოვრება დასრულდა. დახურული მაღაზიები, პრივილეგიები, საზღვარგარეთ მოგზაურობა, მუდმივი დასაქმება, დიდი კავშირები და ნებისმიერი სურვილის ასრულება....დასრულდა და აღარასდროს დაბრუნდება.

ბატონი შენგელაია ბრძანებს, რომ რუსეთმა გადაგვარჩინა თურქეთს და ირანს. ასწლეულების განმავლობაში მათ ეს ვერ მოახერხეს. გეთანხმებით, მე-18 საუკუნის ბოლო წლები ძალიან რთული იყო საქართველოსათვის, მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ მე-17 საუკუნიდან დაწყებული რუსეთი გვატყუებდა, გვიყენებდა და არ გვეხმარებოდა. როგორ გაიტყუა რუსეთმა მეფე ვახტანგი ? როგორ დაამცირეს ქართველობა მე-18 საუკუნეში? ტყუილებით, ტყუილებით. იქნებ გადახედოთ ივანე ჯავახიშვილის პატარა წიგნს „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები“, იქ მთელი დინამიკაა გაწერილი ჩვენი და რუსეთის „ძირძველი მეგობრობისა“.

დიახ, საქართველო დაქუცმაცებული იყო, მაგრამ რუსეთმა ჩვენი ქვეყანა კი არ გააერთიანა, არამედ თავის კოლონიად, გუბერნიად, პროვინციად გვაქცია და „გავერთიანდით“.

სააკაშვილს რომ წიგნებს უგზავნით, იქ თუ წერია, რომ საქართველოს გაერთიანებისათვის თავდადებულმა რუსეთმა, რომელმაც ჩვენს ბედნიერებას საკუთარი „არმია შესწირა“, აკრძალა ქართული სკოლები და გახსნა რუსული, საკანონმდებლო და სამართლის დოკუმენტები იწერებოდა მხოლოდ რუსულ ენაზე, ქართული თეატრი რუსულით ჩაანაცვლეს, ქართული არისტოკრატია რუსულად საუბრობდა, საზოგადოების დიდი ნაწილი პირდაპირი გაგებით გადარუსდა, მეორე ნაწილმა კი გვარი „დაიმოკლა“ და ასე იცავდნენ თავს: მუხრანსკი, ავალოვი, ზურაბოვი, პიპინოვი, მამაცოვი, ორბელოვი, ანდრონიკოვი, ციციანოვი, გედევანოვი, ადამოვი, ანანოვი და ა. შ. იმ წიგნებში წერია, რომ ეკლესია წაგვართვეს და საკუთარი ეგზარხოსები გამოგვიგზავნეს ჩვენი ერის „მწყემსებად“ და დასაწყევლად. ის თუ წერია, რომ ქართველი მაჰმადიანების ასობით ოჯახი გადაასახლეს? იმ წიგნებში წერია, რომ სოლომონ დოდაშვილისა და დიმიტრი ყიფიანის მსგავს ქართველობას უცხო მიწაზე ამოხადეს სული?

თერგდალეულების გამოჩენამ თავზარი დასცა გარუსებულ საქართველოს და იმედი გაუცოცხლა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ძალიან იჩაგრებოდა და ოცნებობდა, რომ მათი სამშობლო დამოუკიდებელი და განვითარებული ყოფილიყო. გაჩნდა ქართული პრესა, აღდგა ქართული თეატრი, გახორციელდა დიდებული იდეა - „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, გაიხსნა ქართული გიმნაზიები და ილიას სიკვდილმაც კი ვეღარ შეაჩერა დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის სურვილი.

იმ წიგნებში 1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელSეკრულების შედეგი თუ წერია?

რუსეთმა გააერთიანა საქართველო? მაშინ აჭარის ავტონომია, აფხაზეთის ავტონომია, სამხრეთ ოსეთის ოლქი და გამქრალი საინგილო ვისი ნახელავია?

რუსეთს ეხმარებოდა სტალინი და ორჯონიკიძე, რომ საბჭოთა კავშირში როგორც რესპუბლიკა კი არა, როგორც ავტონომია ისე შევსულიყავით და ეს გეგმა ძალიან რეალური იყო. რომ არა ქართველი კომუნისტების ბუდუ მდივანის, მალაქია ტოროშელიძის, სერგო ქავთარაძის სტუმრობა ლენინთან და მრავალსაათიანი თათბირი, დღეს ჩვენ ისეთივე ნაწილი ვიქნებოდით რუსეთის, როგორც ჩეჩნეთი, თათარსტანი და დაღესტანია და რა მნიშვნელობა აქვს, რუსეთის ავტონომია ვიქნებოდით თუ ირანის პროვინცია? რაიმე განსხვავებას ხედავთ?

ახლა არ არის საჭირო ერთმორწმუნეობაზე აპელირება. დახვრიტეს, გადაასახლეს, სცემდნენ ქართველ მღვდლებს და მათ სამოსს და ფეხსაცმელებს რუსი დიაკვნები იცვამდნენ, ჯვრებს კი „პოპები“ ირიგებდნენ.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია შენგელაიას დამოკიდებულება 2008 წლის ომზე.
„2008 წელს რუსეთს ძალიან უხეშად გადაუდექით წინ.რატომ არ შევიდნენ უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში?“ ჩვენ გადავუდექით და რუსეთში შევიჭერით? იქნებ ჩვენ გადავჭიმეთ მავთულხლართები და დავაწიოკეთ რუსი მოსახლეობა? ბოლოს და ბოლოს აგვიხსენით „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოა თუ რუსეთი? რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ვინ თქვა, რომ მათ არ შეხებიან? ვინ აურია პოლიტიკური სიტუაცია უკრაინაში? ვინ ახდენდა ბაქოში სამოქალაქო ომის პროვოცირებას, ვინ დაგეგმა ყარაბახის ომი? ვინ დაატრიალა ბესლანის ტრაგედია, ვინ გაანადგურა ჩეჩნეთი, ვინ იბრძოდა აფხაზეთში, ვინ მოაწყო 9 აპრილი? გამაოგნებელია ჩვენი ამნეზია.

„ჩვენი ბაზარი ყოველთვის რუსეთი იყო,“ - შენგელაია.

თუ კარგი პროდუქცია გვექნება, ყველა შეიძენს და რაც შეეხება რუსულ ბაზარს, ის დღეს გადაჭედილია მთელი მსოფლიოს საუკეთესო ბრენდებით და რატომ გვაქვს იმის ილუიზია, რომ საკუთარი პროდუქციით, რომელიც თურმე რუსეთის გარდა არავის აინტერესებს, ვინმეს გავაოცებთ?

„ევრაზიულ კავშირში შესვლით ყველა საბჭოთა ქვეყნის გამოცოცხლება მოხდება. ამ სივრცეში შესვლას უამრავი ხალხი ითხოვს, გაიგეთ კაცო!“ - შენგელაია.

რომელი ხალხი ითხოვს? ვისი შვილებიც საბურთალოს და მუხათგვერდის პანთეონში განისვენებენ? თუ ისინი, ვისაც სახლები დაუწვეს და ოჯახები ამოუწყვიტეს, თუ ისინი, ვინც 90-იანის სიბნელეს და შიმშილს უძლებდა, თუ ისინი,ვინც სოხუმში და გაგრაში იბრძოდა, თუ ისინი, ვინც 9 აპრილს რუსთაველზე იდგა? ვინ ითხოვს? გაგვაგებინეთ და ისიც გვითხარით, ვინ იცის დღეს დაზუსტებით, რა არის ევრაზიის კავშირი და როგორ ითხოვენ იმას, რაც რეალურად ჯერ არ არსებობს.

ქართული ინტელიგენცია fiqrobs, რომ რუსებმა მხოლოდ ერთი კედელი ჩამოანგრიეს და ეთნოწმენდა საქართველოს ხელისუფლებამ მოახდინა და ამ გზავნილს ვუტოვებთ მომავალ თაობას? ეს ღალატია.

„რუსეთმა დიდი სისხლი დაღვარა ჩვენს გადასარჩენად. ამას რატომ არ ვიხსენებთ? ამიხსენით,-შენგელაია.

არა. თქვენ აგვიხსენით. ფილმი გადაიღეთ ამ თემაზე და პატივი მიაგეთ უცხო ქვეყნის რაინდებს, ვინც ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში წვლილი შეიტანა.

თქვენ აგვიხსენით!

6 views
 
Komente
golda 25.02.2014

პოლიტიკური თემა გაცნობის სფეროში.

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta