colebis sakitxavi
39, Tbilisi, Georgia

 dasasruli ჩვენ არასოდეს გვისწავლია სკოლაში, სადაც
ერთმანეთი მხოლოდ უყვართ.
სადაც თვალების სწორად გახელას
და ერთმანეთის სწორად დანახვას ასწავლიან,
სადაც მხოლოდ ერთმანეთისთვის შესრულებული მოქმედებების
ზმნებს აუღლებენ,
სადაც არ ეძებენ ერთმანეთთან ყოფნის მიზეზებს
და მხოლოდ სიყვარულის ლექსიკონებს ადგენენ.


მამაო ჩვენო, დაგვასახლე ყველაზე უფრო უკაცრიელ და ვრცელ მინდორზე,
სადაც მოთიბული ბალახებიდან ამოვა მზე და
მოშიანურებულ ზაფხულებს მამაჩემის ტანსაცმელების სუნი ექნებათ,
სადაც დილიდან დილამდე შევთხზავთ სიმბოლურ ისტორიებს,
და საბოლოოდ დავივიწყებთ ერთმანეთის გარეშე ცხოვრების წესებს.
იქ ფერადი მოზაიკებით დავშლით და ავუწყობთ ერთმანეთს წერილებს,
ფრთებს, ხმებს და წერილებს.
სადაც უეცარი სიმშვიდე ჩვენს სიზმრებს შორის
სხვისი თვალებიდან არასოდეს გამოჩნდება.
სადაც თუ გეტყვი, სურინამელ მეზღვაურზე მაღალი და ლამაზი ხარ-მეთქი,
ბავშვობიდან მოყოლებული
საწოლის ქვეშ შემალული შიშიდან შენი დაკარგვის შიშამდე
ყოველ რიყის ქვას შენი სახელი აწერია - მეთქი,
საკუთარ თავში ჯაშუშივით შემოპარული
მხოლოდ შენთან ყოფნის საიდუმლოს ვინახავ – მეთქი,
ყოველ მოთიბულ ბალახზე
თითო სანთელს იმიტომ გინთებ,
ჩვენი ღმერთი ასე უფრო ადვილად გვიპოვის – მეთქი.
თუ ასე გეტყვი, ესე იგი, კი არ მიყვარხარ,
ყველა უშენო არსებობაში
რიყის ქვასავით უსიცოცხლოდ ვცხოვრობ.
შენც მითხარი,
რომ სხვა არასოდეს ვყოფილვარ.
რომ მომატყუა იმ წვრილთვალება იაპონელმა კაცმა,
და ჩვენ არასოდეს დავრჩებით
მხოლოდ ერთმანეთის გარშემო მბრუნავ პლანეტებად
ერთმანეთთან ვერასოდეს მიახლოვების გარდაუვალი განაჩენით.
მითხარი, რომ მომატყუა დედამ
და ყველა ქალის ისტორია არასოდეს იწყება ამით.
მითხარი, რომ
აუცილებლად დამიბრუნდებიან უცხო ქვეყნებში გადახვეწილი
სურინამელი მეზღვაურები.


მითხარი, რომ ცხოვრებაში
აუცილებლად თენდება დილა,
როცა ყველას გვიყვარდება
“ისე ბრმად და უხმაუროდ,
როგორც ღრუბლები მოძრაობენ ქალაქის თავზე”


მე კი მოვძებნი ცათა შინა, ცათა მიღმა, და ყველა ცაზე უფრო შორს იმას,
ვინც განთიადის სიმღერებს წერს
ჩვეულებრივი ადამიანებისთვის.
და ხმამაღლა დავპირდები,
რომ აღარასოდეს აღარ ვიტირებ
ისე მოთქმით და ისე ხმამაღლა,
როგორც ბავშვობაში, ველოსიპედიდან გადმოვარდნილი დავტიროდი
გადაყვლეფილ და სისხლიან მუხლებს.


და ვიმღერებ
სიმღერას, რომელსაც დავწერ მხოლოდ შენთვის,
მიწებს, რომელსაც დავწერ მხოლოდ შენთვის,
სახლებს, რომელსაც დავწერ მხოლოდ შენთვის,
მინდვრებს, რომელსაც დავწერ მხოლოდ შენთვის.


სამი ღამეა თვითმკვლელ თევზებს ვხედავ სიზმრად,
სამი ღამეა სადღაც მიფრინავს ჩემი ხელის მტევნებიდან
ოდესღაც ჩასახლებული ჩიტის სული
და სადღაც გამირბიან თვალებიდან
ჯერარდაბადებული შვილები.


ბრტყელი ხელები და მრგვალი თვალები გაქვს.
მკერდზე მთვარე გახატია
და შენი მუქი კანი
მზის გულზე უცნაურად
პრიალებს.
შენ რომ შემოგხვდი,
ის - ის იყო,
შორეული ნაპირებიდან ვბრუნდებოდი,
წამწამებზე ისევ გასაშრობად მქონდა შემოწყობილი
ჩემი ვიწრო და
წითელი ხისგან გათლილი ნავები.
თმებში ნიჟარები

22 views
 
Komente
tamtavar 03.01.2009

dasasruli qvemot chems komentshi :)

tamtavar 03.01.2009

თმებში ნიჟარები მეყარა და
ცისფერ მელოდიებს ვღიღინებდი.


შენ ფართოდ გაშალე ხელები,
და მას შემდეგ
ერთ სიზმარში ვცხოვრობთ.


მხოლოდ ხანდახან,
როცა სხეულის რომელიღაც ნაწილში
მოულოდნელად დამიწყებს ყმუილს
უსახო და მშრალი შიმშილი,
მხოლოდ მაშინ მეღვიძება,
და დამფრთხალი გიამბობ ძველიძველ ამბავს: _
როგორ დაგვაპურა მშიერი და ცარიელი ადამიანები
კეთილმა კაცმა. _
ხუთიოდე პურით და
თევზით.

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta