Beqza's blog

Beqza
44, Tbilisi, Georgia

თუ შემოდგომას დამითქვამ მოსვლას,
მე ხელს ავუქნევ ზაფხულს ხალისით,
ვით ზიზღნარევი ღიმილით მუსრავს
აბეზარ ბუზებს, დიასახლისი.

თუკი გიხილავ ერთი წლის მერე,
თვეებს გორგლებად დავახვევ - თითოს,
სათავსო უჯრას მივუჩენ ფერებს,
ვიდრე მათ მათი დრო გამოითხოვს.

ასწლეულებზე თუ გაიწელა
მათ სათითაოდ ავთვლი თითებით,
დამეფანტება თითები - ყველა,
ნთქავს შავი მიწა მათ - ვან დიმენის.

თუკი უთუოდ გრძელდება გარეთ
ჩვენი სიცოცხლე; სიკვდილს რომ ვევნო,
ქერქს გავიცლიდი სულ ნაფლეთ-ნაფლეთ,
მარადისობის ვიგრძნობდი გემოს.

მაგრამ ამჟამად ის ბანქოს არ შლის,
დრო, განზარხვაზე მიამბობს არას...
მაშფოთებს, როგორც ფუტკარი სახლში,
რომელიც ნესტარს სათუთად მალავს.


მეორე სამეფო

პირველ
სავარსკვლავო სამეფოში,
ყველაფერი, ყოველთვის
სანახევროდ ლამაზია.

შენი თითები,
ანგელოზები არიან,
ხანგრძლივი სასიყვარულო
ღამის შემდეგ რომ
ძილს მიეცნენ.

შენი თვალების
ხმოვანება: ქარის
საფეხურებზე
ჩამორბენილი
თოვლი.

შენი თმა,
იმ თაიგულის ფერია,
ღმერთმა რომ
შეკრა.

მეორე
სავარსკვლავო სამეფოში,
მხოლოდ

შენ ხარ.


---------------------------------------------------------

მხოლოდ იმის გამო

მხოლოდ იმის გამო,
რომ ხალხს უყვარს შნი გონება,
სულაც არ ნიშნავს
იმას, რომ
სხეულიც უნდა
უყვარდეთ.

--------------------------------------------------------

განწირული

მოჩვენებასავით დავბორიალობ
ზესკნელის ფერდობზე,
მონადირებული ვარ
იმ სივრცის მიერ,
რომელსაც უშენოდ
ვიცხოვრებ.


კვლავ აქ ვარ, მშობლიურ ჩემ მხარეს,
ოჯახში - ნაზსა და ფიქრიან!
ბინდის თმას თეთრ ხელით შეარხევს
მთვარე, რომ ამოდის იმ მთიდან.

მოქუფრულ განვლილ დღის ჭაღარა,
მღელვარედ ევლება ცის კიდეს.
საღამოს ამ მწუხრმა დამღალა,
სევდას რომ ზეცისკენ იკიბებს.

ტაძრების გუმბათებს ზემოდან,
აისის ჩრდილი ძირს დავარდა.
ვერ გნახავთ ვეღარცერთ მეგობარს:
გართობის და ლხინის არმადას.

ეს წლები სხვა წლებმა დაფარეს,
თქვენც გაქრით, წახვედით სადღაცა.
წყლის ხმაა მხოლოდ რომ არაფერს
არ იკლებს წისქვილის გადაღმა.

მე ხშირად, მწუხრი რომ მოიწევს
(ფონად რომ დაერთვის ისლის ხმა),
ლაჟვარდზე ვლოცულობ მიწიერ,
მათზე ვინც სიშორემ ისისხლა.



ვეფხვო! ვეფხვო! მწველო მნათო,
ტყის უღრანში თვალთ რომ აკრთობ,
რა უკვდავმა ძალამ შეგქმნა,
შიშმომრევო - გამავ ფერთა?

რა ქვესკნელის, ან რა ზეცის, -
ვინ დაანთო შენში ცეცხლი?
ვინ გაბედა ზიდვა - რა ფრთამ?
ცეცხლი, ხელით ვინ მოგართვა?

ან ვინ იყო, რა მოხელე,
ვინც გიწნავდა გულის კედლებს?
და გულმა რომ იწყო ფეთქვა, -
არ შეშინდა? სულ არ შეკრთდა?

რა უროთი? რა სამჭედლომ
შეძლო - გონი გამოედნო?
ან ვინ გწრთობდა - ტერორს ცეცხლში,
სასიკვდილო წყვილი ეშვით?

ვარსკვლავთცვენა იყო როცა,
ცრემლი სდიდა როცა შორ ცას,
გაუღიმა პირმშოს თავის
და დაიწყო შექმნა - კრავის?

ვეფხვო! ვეფხვო! მწველო მნათო,
ტყის უღრანში თვალთ რომ აკრთობ,
რა უკვდავმა ძალამ შეგქმნა,
შიშმომრევო - გამავ ფერთა?


#1 ვარიანტი

თუმცა მდინარე ჯერ უტახტოა,
ლურჯი ყინული გატეხა კვერთხით;
თოვლს კი - მზის სხივით ნაკბენ-ნატორალს,
ჯერაც ღრუბელი დასცქერის თეთრი.

თუმცა ვერ იხსნი ჯერ კიდევ საბელს
და გულს გიღალავს შფოთი, თუ თრთოლვა...
არავინ გიყვარს, ჯერ, მაგრამ გწამდეს,
რომ სიყვარული უთუოდ მოვა..


#2 ვარიანტი

თუმცა მდინარე ფეხს ახლა იდგამს,
ლურჯ ყინულს მაინც უჩინა ბზარი;
თუმცა ფარავენ ღრუბლები თბილ დარს,
მზემ გამოსცალა თასი ზამთარის.

გადარაზული კარების მიღმა,
გულს იღონებ და იტანჯავ ხან რომ...
გწამდეს (თუმც ვიცი, ჯერ რომ არ გიყვარს):
ვერ შეძლებ აწი - არ შეიყვარო..


#3 ვარიანტი

რუ არ ასულა ტახტზე ჯერ,
თუმც გზას იკაფავს ყინულთა შორის;
ღრუბლებიც ცას ვერ დაეხსნენ,
თუმც მზემ ახადა მიწას შრე - თოვლის.

მიღმა - ჩარაზულ კარების,
შენ კი გულისთქმის გაღელვებს სევდა...
არ გიყვარს... თუმც ბედს დანებდი:
უსიყვარულოდ რომ გაძლებ ვეღარ..


არ ვტირივარ, არ გიხმობ, არცა ვწუხ,
გაივლის... ყოველს ქარი გაფანტავს.
ოქროსფრად ჭკნობა მომიჭერს მარწუხს,
ახალგაზრდობა მორჩა, დამთავრდა.

უკვე ფეთქვითაც დაიტყობ სხვა ნირს,
- გულზე ყინვა ვით ნატყვიარობს...
ვერ შეგიტყუებს ფოთლები მხმარი,
ფეხშიშველს სტვენით სახეტიალოდ.

შენ - მოთარეშე სულო! მინავლდი -
მჭერმეტყველების ჩაგიქრა ცეცხლი,
უკვე სიყუჩე გავსებს პირამდე
და უხალისო, წყნარ გრძონობებს ეტრფი.

სურვილებითაც გავხდი მომჭირნე,
შენ გნახე სიზმრად, თუ ყოფა ჩემი?
ვით გაზაფხულის ექომ ვაჭენე
ამ ცვარეულზე ვარდისფერ ცხენით.

ყველას არყოფნის გვეცემა ელდა,
მიწა მიიღებს ნეკერჩხლის ფოთლებს...
კურთხეულ იყოს, რაც აღმოცენდა,
რომ იყვავილოს და ჭკნობით მოკვდეს.


ისე ვარ, ყოფა ყელში ამომდის,
მოყირჭებული კერძივით და ვერ
ვინელებ აწმყოს - ასე აწყობილს
და უჩვეულო სიმპტომებს ვავლენ,

როცა ყოველი მცდელობა, ჩემი,
რომ შევეგუო აწ უკვე მომხდარს,
მაინც სრულდება კრახით და ღელვით,
ჰო, ზუსტად ისე, მტერს რომ გულს მოფხანს...

და ავ-კარგობის მემჩნევა ზღვარი,
ვიფრთხილო თუნდაც - გვერდსაც ვერ ვუვლი:
გადავლახავ და - გამოდის ვაი!..
არ გადავლახავ - ვუია, ვუი!


ვარსკვლავნო ზეცის,
ზეცის ხართ თვალნი.
ღამეში, თქვენს სხივს,
ლაღს ვატყობ ხალისს.

მე, თქვენს ციმციმქვეშ
ვატარე ყრმობა;
ვავრცობდი იმ ეშხს,
თქვენსას რომ მოჰგავს.

ზევიდან ახლაც
დამღიმით ჩვეულ,
როცა ვერც ვმარხავ
ჩემს სვეს – ამ წყეულს.

საფლავს ქვა ადევს,
ჩემსას და ახლაც,
ცად – ამ ვარსკვლავებს
ღიმილი ახლავს.



შენს სამშობლოში მოხვალ. კეთილი.
ვიღას ჭირდები, - თქვი, თუნდაც ერთი,
ვინ გიწვდის ძმურ ხელს, ვისთან შეივლი?
როცა ჩამოხვალ, იყიდე შენთვის -

ვახშმისთვის ტკბილი ღვინო; დარაბებს
გაცდენილ მზერას, ფიქრი რომ შერთო:
ეს ყველაფერი, თავს დააბრალე
და თქვი: კეთილი. მადლობა. ღმერთო.

კარგია, როცა ბრალს დებ ვერავის,
კარგია, როცა გაქვს გზები ხსნილი,
კარგია, როცა არ გყავს მხევალი:
სიკვდილამდე რომ გყვარობს და გივლის.

ისიც კარგია, რომ არასოდეს
(წყვდიადში) სხვის ხელს არ გაჰყოლილხარ,
კარგია, როცა ჩრდილადვე მოსდევს
შენს რბილ ნაბიჯებს ვაგზლის შორი ხმა.

კარგია რარიგ, სახლში მოჩქარე,
უნდო სიტყვაში რომ იჭერ ეგოს;
უცებ რომ ხვდები: სვე-შეცვლილ ქარებს,
სული, რა ფრთხილად ცდილობს, რომ ეძმოს.


გუგულო

რამდენი დარჩა კიდევ სიმღერა - დაუწერელი, თქვი, რამდენია,
რამდენი დარჩა კიდევ სამღერი - მამცნე, გუგულო, წაიღიღინე.
კვლავაც ქალაქში მელის სიცოცხლე, თუ ქალაქგარეთ გამომდევნიან,
ქვასავით უნდა ვეგდო მიწაზე, თუ ვარსკვლავივით გავცდე მიღმიერს?

თვალსაწიერში მეც მომახვედრე - მზეო დამხედე,
მტევანი, მუშტად გადამექცა - ჩემი მტევანი...
ცეცხლი მიუშვი - შემორჩენილ - დენთის სახედნებს
და ზუსტად ასე! ზუსტად ასე! ჰქროდნენ ყველანი...

განა ვინ წავა იმ ეულ გზაზე, ვინ გაუყვება ეულ ნაკვალევს?
ვისაც შეეძლო - სიმამაცით ხომ ბრძოლებს გადაყვნენ, - თავები ველებს.
ცოტაღას ვნახავ უკვე ასეთებს, - კამკამა გონში გადანაყარებს,
საღ-გონიანებს, მყარ-მკლავიანებს, - ბრძოლას მხარდამხარ ვინც კიდევ შესძლებს.

თვალსაწიერში მეც მომახვედრე - მზეო დამხედე,
მტევანი, მუშტად გადამექცა - ჩემი მტევანი...
ცეცხლი მიუშვი - შემორჩენილ - დენთის…


← i mëparshëm 1 2 3 4 5 ... 64 në vijim
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta