მივდივარ
37, Tbilisi, Georgia

შენ ვეღარ მიცნობ, როცა უკვე არ მეყვარები,

ვერც ჩემს თვალებში დაინახავ საშენო სითბოს,
არ მოგინატრებ, აღარც მხრებზე აგეფარები,
მივდივარ, ჩემი სიყვარული ღამეებს გითმობს..

როცა გამივლის ის ქარცეცხლი, შენით გადაღლილს,
კოპებშეკრული გამაყოლებ შეკითხვას, რატომ???
მერე მიხვდები ერთგულება ნაღდი რაცა ღირს,
გვიან გაიგებ, როცა თავად დარჩები მარტო.

ახლა გახედე ძველ ლარნაკში ჩამომჭკნარ ყვავილს,
როდინდელია...ხედავ უკვე რა დრო გავიდა,
ხვალ ვეღარ მიცნობ, უშენობაც არ ატეხს ბღავილს.
ჩვენი მზე ალბათ ჰორიზონტზე ზღვაში ჩავიდა.

მუდამ გეძებდი, მუდამ შენთან ყოფნას ვნატრობდი,
დღეს კი, შემხედე, მეც ვისწავლე შენგან სიცივე,
ქარსა თუ დარში შენზე ვწუხდი, შენზე ვდარდობდი,
როგორ შესძელი, ცხელი გული რომ გამიცივე?!

იმდენი გრძნობა დაგიტოვე, მივდივარ მშვიდად,
მუდამ მეგონა შენს გარეშე შველა არ მქონდა,
იმ დღესაც ისე გამეტებით ქუხდა და წვიმდა,
მე შენთან მყოფსაც, უშენობა დარდად დამქონდა.

სადღაც შევხვდებით, დღეებს წასულს აწეწავს ქარი,
ახმაურდება გარდასული გრძნობის ზარები,
გვერდზე ჩაგივლის ოდეს შენით შეშლილი ქალი,
თუმც ვეღარ იცნობ, როცა უკვე არ ეყვარები

2 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta