მოხუცი ჯერონიმოს წერილი საყვარელ როზას
29, Tbilisi, Georgia

„ ჩემო მოხუცო დედაკაცო,
რახანია არ მსმენია შენი ჩიფ-ჩიფა ბაგეებიდან ამოსული სიტყვები!.. როგორ, როგორ მომენატრა მათი ჟღერადობა. ყურმიუჩვეველს ყოველდღე გადაპრანჭული დედაკაცების ტატყანა ხმები მესმის, რომლებიც ასე კონტრასტულია შენს ჯერ კიდევ ნაზ, მოტკბო ხმასთან..
ნეტავ შენმა მკლავებმა დაკარგა ძველი სინაზე?! მერე რა რომ კანი შეგახმა, საყვარელო... მერე რა რომ დაბერდი..
მიყვარს შენი გაცრეცილი ბაგეები.. სიფითრე, ჭკნობაშეპარული ლოყები.. ჭაღარაშერეული თმა.. შენს ლავიწის ძვლებზე თამაში მომენატრა, დედაკაცო!
ეჰ, დრო გადის.. ვბერდებით.. ვბერდებით ცალ-ცალკე! არა ერთად..
ვიცი, გვიანია! გვიანია.. დავბერდი.. რამ ‘აგახუნტრუცა’ ამოდენა კაციო, ვიცი, მეტყვი.. ეჰ, შენმა სიყვარულმა დამათრო, დედაბერო!
არ მპატიობ ხომ შენს თავს მესაფლავეობა რომ ვარჩივნე?! არცაა დასაძრახი შენი საქციელი.. უბრალოდ, ვინმეს საფლავი ხომ უნდა გაეთხარა ჩემთვის სანამ მოვკვდები.. აი, შენ კი ამას არ გააკეთებდი, ან არ გააკეთებ, კი ვიცი.. აბა, შენს მეტი ვინღა დამრჩა..
ეჰ, როზა! როგორ, როგორ მენატრება შენი დაშაქრული ენა.. შენი ენაკვიმატობა..
შენ, შენ გენატრები, მოხუცო?
დრო გადის.. მე კი ვერ ვაჩერებ! არ მძალმიძს.. მე საერთოდ მიწის თხრის მეტი არაფერი არ შემიძლია.. ეჰ..
ემიგრანტი ვარ! რამდენჯერ გამიმეორებია ეს სიტყვები. არა, სამშობლო კი არ მენატრება! შენი სითბო, შენ ტანზე ამავალი მიწის სუნი მენატრება!
გახსოვს ევას რომ გეძახდი?! არ გსიამოვნებდა.. შენ შემაცდინე.. შენმა მიწის სუნმა გადამაქცია ემიგრანტ მესაფლავედ.. ყოველივე შენი ბრალია!
ჰო.. შენმა ისფერმა თვალებმა შემაყვარა იები.. და გაზაფხული..
იცი?! აქ უკვე გაზაფხულის სურნელი ტრიალებს.. იები, ბევრი, ბევრი იები შენს თავს მახსენებენ.. საერთოდ ყველაფერი შენს თავს მახსენებს! აი, ეს კატაც რომელიც წერის დროს მელაქუცება, და აი ეს ლურჯი ცაც, რომელიც მეორე სახლად მიქცევია!
ოო, დედაკაცო! რა შევცოდე მითხარი! რატომ, რატომ არაფერს მწერს, ღმერთო..
ბოლო აღსარებაა იქნებ ეს ჩემი შენდამი.. ეჰ, არ ვიცი..
ამ წერილს ძველ, გაცრეცილ, სიყვითლე შეპარულ ფურცელზე ვწერ.. ჩვენ გვგავს..
იებს ვდებ და ისე ვაგზავნი.. უყნოსე! რომ ჩამოვა, დამჭკნარი იქნება, მაგრამ იქნებ ჩემი თავი შეგახსენოს..
გწერ, იქნებ ბოლოჯერ..
სიყვარულით,
ჯერონიმო! “

2 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta