სიკვდილის  შემდეგ
60, Tbilisi, Georgia

                     დადგა  ზამთარი...

                     მოვკვდები  ღამით  გათენებისის,  როდესაც  გარეთ  იქნება  ზამთრის  გაცივებული  მთვარე  და  ყინვა.  სიკვდილის  წინ  მომაგონდება  თბილისის  ღამეები  და  ჩემი  უნაზესი  და:  ეს  ორი  შეერთებული  კოცონი  რომელიც  მწვავდა  მე  ყოველთვის.

                      ასე  გათავდება  სინათლე,  გაქრებიან  მოგონების  წამები.

                       გადავეცემი  სიკვდილის  მდუმარე  ხელებს.

                       ჩემი  წამებული  სხეული  შეუერთდება  მსოფლიო  ელემენტს.

                       და  მე  ვიგრძნობ  უმაღლეს  მოსვენებას.

                       ჩემი  კუბო  იქნება  სადა.  და  პროცესია  უცრემლო.  მე  დამასაფლავებენ  შუადღის  ორ  საათზე  თბილისის  ახლო.

                        ჩემი  დაკრძალვის  დღეს  აიშლებიან  ფერადი  ღრუბლები  და  ამოვარდება  შორეული  გრიგალი.

                      ბალდახინი,  რომელიც  წაიღებს  ჩემს  ცხედარს,  იქნება  თეთრი  და  მოძველებული.  პანაშვიდს  გადამიხდის  ვინმე  უბრალო  მღვდელი,  რომელსაც  არ  ექნება  წაკითხული  ჩემო  სისხლიანი  წიგნი  ”Memento  mori"  შევეცოდები  მღვდელს,  რომელსაც  არ  ეცოდინება  ჩემი  დაფერფლილი  სულის  ისტორია.  მხოლოდ  ცხედართან  მდგომ  პოეტებს  მოაგონდებათ  ჩემს  დანისლულ  ლექსებიდან;  სტრიქონები.

                      მოვა  უიმედობა.

                     პანაშვიდი  გათავდება  ქარში.  

                    ჩემს  ცხედარს  ნელა  ჩაუშვებენ  სამარეში.  და  პირველ  მიწას  სახეში  მომაყრის  ვინმე  უხეში  მესაფლავე.  კუბოს  ფიცარზე  შეწყდება  უკანასკნელი  გუგუნი  მიწის  და  ქვების.

                   პროცესია  დაიშლება.  მე  და  სიჩუმე  დავრჩებით  მარტო.  

                   გზაში  ისაუბრებენ  ჩემზე.

                   დაღამდება...  მე  შემეშინდება  მარტო  სასაფლაოზე  ღამით.,  დავტოვებ  კუბოს  და  ტანშიშველი  გამოვიქცევი  სამარიდან;  და  გიჟივით  ვიკივლერ,  რომ  მომეშველონ,  რომ  დამიფარონ.

                არავინ  იქნება  ჩემი  მხსნელი,  ისევ  დავეცემი,-  თავს  ვიგრძნობ  სამარეში,  და  კვლავ  მივეცემი  ძილს  დაუსრულებელს.  ნათელივით  თავზე  დამადგება  ჩემი  განუყრელი  და -  სიჩუმე.

               დასაფლავებიდან  სამი  დღის  შემდეგ  თოვლით  დაიფარება  ჩემი  სამარე.

               თეთრად  დასუდრული  იქნება  მთელი  ქვეყანა.

               ის  სოფელი,  სადაც  მე  დავიბადე,  დაემსგავსება  უდაბნოს.

              გაივლის  ზამთარი  წვიმით  და  ქარებით.

              დადგებიან  გაზაფხულის  დღეები.  შეიფოთლება  სასაფლაი. 

              კვირა  დილით,  როდესაც  ყველა  მლოცველთათვის  გაიღება  ეკლესიის  კარები,  ჩემ  საფლავთან  დაფიქრებული  მოვა  ვინმე  ქალი,  მოიგონებს  ჩემს  დამწვარ  სახეს,  მოიგონებს  ჩემს  წამებას  და  შევეცოდები.

            ასე  გაივლიან  საუკუნეები.

            ჩემ  საფლავს  დაადგება  მზე  შორეულ  რიცხვის.  ჩემ  მიერ  უხილავ  საღამოს  ბინდი  დაფარავს  მივიწყებულ  ლოდებს,  და  ჩემი  საფლავიც  შეიმოსება  სიბნელით.

           წამოვა  წვიმა,  ქარიშხალი,  და  მოწყენილ  საფლავზე  დამაყრის  ყვითელ  ფოთლებს.  ასე  დროთა  შავიწვეთებითდახავსდებაჩემი  სამარე,  ძედ  წამოიზრდება  ბალახი.

          ზაფხულში  საღამო  დროს  ჩემ  საფლავს  ჩაუვლიან  თეთრად  გამოწყობილი  ქალები,  შორს  სარკესთან  უცნობი  თითები  დაუკრავს  როიალს.

          დილა  ადრიან  უიმედოდ  იკივლებენ  ორთქმავლები.  მოვა  კვირა  დღე,  და  ჩემს  ახლოს  დარეკავენ  ზარებს,  აანთებენ  სანთლებს.

          დაიღლებიან  ხელაპყრობილი  მლოცველები.  წირვა  გათავდება.

          საყდარს  დაკეტავენ.  ხატები  დამწყვდეული  ტუსაღებივით  დარჩებიან  შიგ.  და  სასაფლაოს  ჩხავილით  გადაუფრენს  ყვავი.

          გაქრება  თვალები,  რომელზედაც  ესვენა  თბილისის  ღამეები  მძიმე  ლოდებივით.

          და  ჩემი  სამარის  სამუდამო  დარაჯი  იქნება  ჩემი  უნაზესი  და  -  ს ი ჩ უ მ ე.



                                                                           ტერენტი   გრანელი.

                 

                           .

                     

                            


 

5 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta