ალბათ წაიკითხავ..(თ)
37, Tbilisi, Georgia

...იმ დროიდან,საიდანაც შეგნებული ცხოვრებით ცხოვრება დავიწყე,ყველაფერი შეიცვალა და რეალურმა მნიშვნელობებმა უშეცდომო პასუხისმგებლობებით გადმოიბარგეს.

სიფრთხილე ხურჯინივით მოვიკიდე ახალგაზრდა მხრებზე და...რადგან ლმობიერება იავნანიდანვე მქონდა სულში გამჯდარი,თბილად ჩავხედე აწმყოს თვალებში.

გუშინდელივით მახსოვს,

როგორ გამიჭირდა...

საკუთარი თავის ხელში აყვანას ვცდილობდი და ღმერთმა იცის,რამდენი შეცდომა დამაშვებინა გამოცდილების არ'ქონამ.

ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე,ახალ-ახალი სახეები ჩნდებოდა,რომლებიც ჩემდაუნებურად მკვიდრდებოდნენ ურთიერთობებიდან გამომდინარე.

გაჩნდნენ ახალი მეგობრებიც...

გადავშალე გული...ყოველ საქციელს გულწრფელობა დავუდე საფუძვლად და...რადგან არ შემეძლო სიცრუე და ორპირობა,მეც ხელებ'გაშლილი შევეფეთე ცხოვრებას...

იმატეს შეცდომებმა...

ადამიანები ახლოდან დავინახე.შეფასების ინსტიქტმა განვითარება დაიწყო,საიდანაც კრიტერიუმებით დაიფარა წარმოსახვით გაფერადებული გონება.

ვბრუნდებოდი უკან და მათი სახეებიდან ჩამოხსნილი ნიღბები - ფეხებში მედებოდა.ტკივილით ვაბიჯებდი ყოველ მათგანს...ვამსხვრევდი...

გვიან მივხვდი,რომ... განა ყველა ადამიანია ,,ადამიანი''.

ამიტომაც დავუშვი შეცდომები...

ამიტომაც დავეცი მწარედ - ძალიან ბევრჯერ ...

ამიტომაც დავკარგე ნდობა

და

ამიტომაც დავუდექი სიმარტოვეს მდგმურივით...

აქედან გაჩნდა შიში,რომელიც საკუთარი ჩრდილივით მუდამ დამდევს... ეს - ადამიანების შიშია...

კარგა ხანს მათრია სინამდვილემ და ასე მოვედი ამ დრომდე.

ვნახე მოდაზე ,,წვერ-შელამაზებული'' სასულიერო პირებიც,რომლებსაც საკმევლის სურნელის ნაცლად,სუნამოს სუნი სდიოდათ...

ვნახე ხატმწერები,რომლებიც ვაჭრობდნენ ღმერთით...

ვნახე მშობლები,რომლებიც მშვიდად ადევნებდნენ თვალს შვილების გარყვნილებას...

ვნახე ,,მეგობრის'' სახელს ამოფარებული ცბიერები...

ღმერთო,რამდენი რამ ვნახე...

ახლა ღამეა...

ვზივარ ქალაქის ერთ-ერთ სკვერში - დამტვრეულ სკამზე და...მტვერით სავსე მაქვს თვალები.

ქარია...

დაათრევს ამ საცოდავ ფოთლებს...დაათრევს ისე,როგორც მოეხელთება.

ასე'ა ჩემი ფიქრებიც...დავათრევ იქეთ-აქეთ.ხან სიმწრისგან ჩამეღიმება,ხან დაკვირვებით გავყურებ სიშორეში ამოჩემებულ წერტილს და ნაადრევად გაჩენილ ნაოჭებს ოცდაათ'წლოვან შუბლზე,ნერვიულად - თუმცა მშვიდად ვისრეს დაოფლილი თითებით.

არ ვიცი,

ვინ ხარ,ვინც ამ ,,ნაწერს'' კითხულობ ახლა...ან რამდენი წლის ხარ,მაგრამ....

მინდა იცოდე:  ,,მე შენში მიყვარს ღმერთი''...


როი სოხუმელი

1 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta